English / ქართული / русский /
მაია კაპანაძეგიორგი ჭინჭარაული
„მწვანე ეკონომიკის“ თეორიული პრობლემების შესახებ

ანოტაცია. სტატიაში განხილულია არსებულ სინამდვილეში სხვადასხვა სახის „მწვანე ეკონომიკის“ პრობლემები, ამ პრობლემის დაძლევის ძირითადი მიმართულებები, „მწვანე ეკონომიკაზე“ სრულყოფილად გადასვლის ღონისძიებათა სისტემა და ბერკეტები. წარმოდგენილია წინადადებები საქართველოში „მწვანე ეკონომიკის’’ არასრულყოფილი  ფუნქციონირების გაუმჯობესების შესახებ.

საკვანძო სიტყვები: მწვანე ეკონომიკა,ეკონომიკური პროდუქტი, მიხაკისფერი ეკონომიკა      

* * *

პოსტსოციალისტურ, და არა მარტო პოსტსოციალისტურ,  ქვეყნებში ხშირად  ერთი-მეორისაგან ვერ ანსხვავებენ ეკონომიკისა და ეკონომიკური თეორიის ცნებებს, ცნებათა კლასიკურ და მოარულ განმარტებებს და ა.შ., რის გამოც მწვანე ეკონომიკის შესახებ სხვადასხვა განმარტებები არსებობს. ერთნი მას მიიჩნევენ ახალ დარგად, რომელიც აუმჯობესებს ბუნებას; მეორენი აცხადებენ, რომ ის არის ახალი ტექნოლოგიებისა და ეკოსისტემების გამოხატულება,   რომლის შედეგადაც ხორციელდება ბუნების დაცვა და სარგებლობა; მესამენი მწვანე ეკონომიკას  აცხადებენ განვითარების ახალ ეტაპად, რომლის მიზანია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის შექმნა  და ა.შ.

მწვანე ეკონომიკის შესახებ ყველაზე ფართო განმარტებას იძლევიან გაეროს ექსპერტები. მათი შეხედულებით მწვანე ეკონომიკა არის სამეურნეო საქმიანობა „რომელიც ამაღლებს საზოგადოების კეთილდღეობას და უზრუნველყოფს სოციალურ სამართლიანობას. არსებითად ამცირებს გარემოს გაღატაკების რისკებს. მიმდინარეობს გარე რესურსების შენაცვლება შიდა რესურსებით, ეკოლოგიურად სუფთა და ეფექტიან ტექნოლოგიებზე არსებული მდგრადი სოფლის მეურნეობა ემსახურება ეკონომიკის ზრდის ძირითად მამოძრავებელ ფაქტორებს, რომლებიც ქმნიან სამუშაო ადგილებს და ამცირებენ სიღარიბის მასშტაბებს“. მწვანე ეკონომიკის ყველა ზემოთ წარმოდგენილი განმარტება არასრულყოფილია, რადგან არ ასახავს ცნების კლასიკური განმარტების მოთხოვნას, როგორც აზრს მოვლენის არსებითი ნიშნების შესახებ.

ცნობილია, რომ ეკონომიკა ეს არის საზოგადოებრივი წარმოება ე.ი. ადამიანთა გააზრებული ქმედება. ეკონომიკური თეორია კი - ეკონომიკური მოვლენების, ფაქტების განზოგადება. სამეცნიერო-პედაგოგიურ ლიტერატურაში ასევე გამოიყენება  „ბუნებრივი წარმოების“ ცნებაც. ჩვენი აზრით, უმჯობესია, ვიყენებდეთ ცნებას) - „ბუნება ქმნის“ და არა ,,აწარმოებს“, რადგანაც ბუნება გააზრებულად არ მოქმედებს. ამდენად ბუნების შექმნილ „პროდუქტს“ არ შეიძლება ეწოდოს  ეკონომიკური პროდუქტი. ეკონომიკურ პროდუქტს აწარმოებს მხოლოდ საზოგადოებრივი წარმოება. აღნიშნული წინამძღვრების შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ მწვანე ეკონომიკა - ეს არის საზოგადოებრივი წარმოება, რომელიც მოიცავს როგორც საკუთრივ მწვანე პროდუქტის წარმოებას, ასევე ბუნებრივი მწვანე რესურსების დაცვისა და სრულყოფა-გამრავლებისათვის განხორციელებულ წარმოებას, რაც თავისთავში აერთიანებს უამრავ ეკონომიკურ  მოვლენას, რომელთა ფაქტების განზოგადება მწვანე ეკონომიკის თეორიის სახეს იღებს.

მწვანე ეკონომიკა სამეცნიერო ლიტერატურაში მოიხსენიება განვითარების ეტაპად, ეკონომიკის სფეროდ, ეკონომიკის  მიმართულებად, სახედ და ა.შ.

ჩვენი აზრით კი, ეს არის საზოგადოებრივი წარმოების გამოვლენის ერთ-ერთი ფორმა. იგი ამ წარმოებიდან გამომდინარე საქმიანობაა, რომელსაც განსხვავებული რესურსები, ტექნოლოგია და პროდუქტისა და მომსახურების ტიპურობა გააჩნია. იგი მოიცავს სხვადასხვა დარგებისა და სფეროების კომპონენტებს, მისი თეორია კი - სხვადასხვა მეცნიერული დარგებისა და სფეროების იდეებსა და მიმართულებებს. მწვანე ეკონომიკის საპირისპიროდ დღევანდელ რეალობაში არსებულ ეკონომიკას „მიხაკისფერ     ეკონომიკას“ უწოდებენ, რომელიც არასრულყოფილ სისტემადაა ცნობილი, რადგანაც წარმოშობს რიგ უარყოფით მოვლენებს, როგორიცაა: ეკონომიკური პრობლემები, ბუნებრივი კლიმატის გაუარესება, სიღარიბის დიდი მასშტაბები, მტკნარი წყლის, სურსათის, ენერგიის უკმარისობა, ქვეყნებისა და საზოგადოებების უთანასწორობა და ა. შ., რაც პრობლემას ქმნის ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის, რადგან გარემოს დაბინძურებით გამოწვეული დაავადებები გახშირდა და გაიზარდა; ცხოველთა მრავალი სახეობა გადაშენდა, მრავალი გადაშენების პირასაა. წყლისა და მიწის რესურსები ჭუჭყიანდება და იწურება და ა.შ. ამდენად, აუცილებელია, დაიძლიოს ეს პრობლემები მომავალში კატასტროფის ასაცილებლად. მწვანე ეკონომიკა ემყარება სამ აქსიომას:

  • შემოსაზღვრულ სივრცეში უსასრულოდ გავლენის სფეროების გაფართოება შეუძლებელია.
  • შეზღუდული რესურსების პირობებში შეუძლებელია მოსახლეობის მზარდი          მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.
  • ურთიერთკავშირშია ყოველივე ის, რაც მიწის ზედაპირზეა. გარკვეული აზრით, ყოველივე ესეც ქმნის მწვანე ეკონომიკის არსებობის აუცილებლობას, რომლის ძირითადი მიმართულებებია:
  • ეკონომიკის დაცვა და ეფექტიანი მართვა.
  • განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვა.
  • წყლის რესურსების მართვის სრულყოფა.
  • წარმოების მართვის სისტემის გაუმჯობესება.
  • სუფთა ტრანსპორტის განვითარება.
  • სოფლის მეურნეობაში ორგანული მიწათმოქმედების წარმოება.
  • ენერგოეფექტიანობა საბინაო კომუნალურ მეურნეობაში.

 

აღნიშნულის განხორციელებისა და სრულყოფისათვის საჭიროა რიგი ღონისძიებების გატარება. უპირველესად კი შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური კანონმდებლობების შექმნა და მის საფუძველზე მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება, რომელიც თავის თავში მოიცავს სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და სხვა პოლიტიკის საკითხებს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, რაციონალური  „მწვანე ეკონომიკის“ ფუნქციონირებისათვის საჭიროა:

    ისეთი სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის დამუშავება და მიღება, რომელიც წაახალისებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებას და ამ წარმოების მეთოდების სრულყოფას.

ფასწარმოქმნის პრინციპების სრულყოფა, რომელც მოიცავს არასასურველი სუბსიდირების უარყოფას. ბუნებრივი რესურსების შეფასების საფუძველზე გადასახადების დაწესებას იმ საქმიანობაზე, მოვლენებზე, რომელიც აზიანებს გარემოს.

 შესაბამისი პრინციპების საფუძველზე სახელმწიფო ინვესტიციების გაზრდა. რაციონალური ინფრასტრუქტურების (ტრანსპორტი, ენერგიის განახლებადი წყაროები, ენერგოეფექტური შენობები) ფორმირებისათვის. ბუნებრივი კაპიტალის აღდგენისა და მისი მოცულობის გაზრდისათვის.

  • ეკოლოგიური  საგადასახადო სისტემის სრულყოფა.
  • სახელმწიფოს მიზნობრივი დახმარებები, ეკოლოგიურად სუფთა   ტექნოლოგიების შექმნისათვის.
  • სოციალური სტრატეგიები, რომლებიც უზრუნველყოფს სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში არსებულ მიზნებს შორის შესაბამისობას და ა. შ

„მწვანე ეკონომიკის“ ფორმირებისა და სრულყოფა- განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთი ბერკეტები, როგორიცაა: სუბსიდიები, შეღავათიანი საგადასახადო განაკვეთები; გრანტები და ა.შ., რაც საქართველოში ჯერჯერობით მოისუსტებს. საქართველოში ასეთივე მდგომარეობაშია საერთოდ „მწვანე ეკონომიკის“ სინამდვილეც, თუმცა ბოლო ხანებში ამ მიმართულებით ხორციელდება გარკვეული ღონისძიებები. მიღებულ იქნა საკანონმდებლო აქტები  ტექდათვალიერების, რეკრეაციული ზონების გაფართოების და ა.შ. რაც შეეხება „მწვანე ეკონომიკის“ პოლიტიკას, არამარტო ეს პოლიტიკა, საქართველოში ფართო გაგებით ეკონომიკური პოლიტიკა ჯერჯერობით არ არის დამუშავებული. ხოლო მწვანე ეკონომიკის პოლიტიკაც კანონმდებლობის მასშტაბით უსუსურ მდგომარეობაშია, რაც აფერხებს საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

  • სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ინვესტიციების მატებაზე  გეზის აღება მსოფლიოში პირველად არ ხდება, ოღონდ საქართველომ ამჯერად მაინც უნდა ისარგებლოს შექმნილი ვითარებით და   ქვეყნის სასურსათო დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას დაუდოს სათავე „მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებს  სურთ საქართველოც თავიანთი გავლენის  სფეროდ  და მათი სურსათის იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნად გადააქციონ, ამ ტენდენციებს ჩვენ ჩვენი პოზიცია და ინტერესები უნდა  დავუპირისპიროთ.“ ამას ჩვენი პატრიარქი ბრძანებს. ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ  სოფლის მეურნეობა ის  გენერატორი  შეიძლება  გახდეს, რომელიც მთელ ეკონომიკას გამოიყვანს გლობალური ფინანსური კრიზისიდან. ამ დარგში საქართველოს  ნამდვილად აქვს თავისი კონკურენტული უპირატესობა, რადგან ჩვენთან ჯერ კიდევ შემორჩენილია უნიკალური ქართული სასოფლო-სამეურნეო ჯიშები.
  • მწვანე ტურიზმი მრავალასპექტიანი მოვლენაა. ერთ-ერთია  მისი სოციალური ასპექტი. იგი უნდა განვიხილოთ სოფლად მცხოვრებთა შემოსავლების წყაროების დივერსიფიცირების ძლიერ საშუალებად, სასოფლო ტერიტორიებისა და სოფლის ინფრასტრუქტურის კომპლექსური განვითარების კომპონენტად და სოფელ ადგილებში სიღარიბის დაძლევის სტრატეგიის ანგარიშგასაწევ ფაქტორად. სწორედ ამიტომ მთელ რიგ ქვეყნებში სახელმწიფო ყოველმხრივ უჭერს მხარს და სტიმულს აძლევს მწვანე ტურიზმს, მაქსიმალურად ამარტივებს ამ საქმიანობაში ჩაბმას, პრეფერენციებს უწესებს მათ, ვინც ამგვარ მომსახურებას სთავაზობს ბაზარს, ამ პრეფერენციებში კი უპირველესად საგადასახადო შეღავათები იგულისხმება.
  • აქ ნაკლებად იყენებენ სასტუმროების მომსახურებას და დასვენების ორგანიზებაში ცენტრალურ ფიგურად ოჯახი გვევლინება. ამ შემთხვევაში ოჯახი თავის ჩვეულ პირად გლეხურ მეურნეობას მისდევს, რაც მისი ძირითადი საქმიანობაა, ამის გვერდით კი ამავე მეურნეობის ქონებას ტურისტული მომსახურებისთვისაც იყენებს. აქვე შედის საცხოვრებლითა და საკვებით უზრუნველყოფა, ადგილობრივი კულტურის, ტრადიციებისა და ყოფის გაცნობა. საფრანგეთში, მაგალითად, აგროტურიზმის განვითარებამ  დიდად განაპირობა უპერსპექტივო სოფელი ადგილებიდან  მოსახლეობის მასობრივად წასვლის პრობლემები. ანალოგიური ღონისძიებები უნდა განხორციელდეს საქართველოშიც. 

დასკვნა

„მწვანე ეკონომიკის“ ცნების შესახებ ლიტერატურაში მკვეთრად განსხვავებული შეხედულებებია. ამის შესახებ ყველაზე ფართო განმარტებას იძლევიან გაეროს ექსპერტები. მათი შეხედულებით, მწვანე ეკონომიკა არის სამეურნეო საქმიანობა „რომელიც ამაღლებს საზოგადოების კეთილდღეობას და უზრუნველყოფს სოციალურ სამართლიანობას. არსებითად ამცირებს გარემოს გაღატაკების რისკებს". სტატიაში ეს განმარტებაც არასრულყოფილადაა მიჩნეული, რადგან არ ასახავს ცნების კლასიკური განმარტების მოთხოვნას, როგორც აზრს მოვლენის არსებითი ნიშნების შესახებ. მოცემულ სტატიაში კი „მწვანე ეკონომიკა“ განმარტებულია, როგორც საზოგადოებრივი წარმოება. რომელიც მოიცავს როგორც საკუთრივ მწვანე პროდუქტის წარმოებას, ასევე ბუნებრივი მწვანე რესურსების დაცვისა და სრულყოფა-გამრავლებისათვის განხორციელებულ წარმოებას.

სტატიაში განხილულია  არსებულ სინამდვილეში სხვადასხვა სახის „მწვანე ეკონომიკის“ პრობლემები, ამ პრობლემის დაძლევის ძირითადი მიმართულებები, „მწვანე ეკონომიკაზე“ სრულყოფილად გადასვლის ღონისძიებათა სისტემა და ბერკეტები. წარმოდგენილია წინადადებები საქართველოში „მწვანე ეკონომიკის’’ არასრულყოფილი  ფუნქციონირების გაუმჯობესების   შესახებ.

 გამოყენებული ლიტერატურა

1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს პროგრამა.

2. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე, 2009, თბილისი.

3. კაპანაძე მ. 2013, „საერთაშორისო აგროტურიზმი: პერსპექტივები საქართ­ვე­ლოსთ­ვის’’, IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, ბათუმი-ტრაპი­ზო­ნი.  გვ. 346-349.

 4. კაპანაძე მ.  2013, “ სოფლის მეურნეობის განვითარება – რეალური პრიორიტეტი“. პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი. პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული. პოსტკომუნისტური ქვეყნების ეკონომიკების აქტუალური პრობლემები თანამედროვე ეტაპზე, თბილისი, გვ. 473–475.

5. კაპანაძე მ.  2014, „მწვანე ეკონომიკა და მისი დაფინანსების პერსპექტივები“, თსუ, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული, VII, თბილისი, გვ. 466-469.

6. ჭინჭარაული გ. 2001, ეკონომიკური თეორია, თბილისი.

7. Гусев А. и др. Моделирование зеленой экономики, 2017, М., 207 ст.

8. Рчелинцев В. и др. Зеленая экономика, 2016, М., 190 ст.

9. http://www.unep-org/pat/GreenEconomy-succ-essstories.pat.